სანქციების პოლიტიკა - შეფასებები

ოფიციალური თბილისის მხრიდან ევროპის ქვეყნების მიმართ ტონი კიდევ უფრო მკაცრდება.

საქართველოს მისამართით სასანქციო პოლიტიკას პოლონეთიც შეუერთდა, რომელმაც ქვეყანაში შესვლა შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელს აუკრძალა. სანქციების შესახებ გადაწყვეტილებებს შანტაჟის ინსტრუმენტად მიიჩნევს მმართველი გუნდი, რომელსაც ევროკავშირის მიდგომები საბჭოთა პერიოდს ახსენებს. ქვეყნებს, საიდანაც ბოლო თვეებში ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების არგუმენტით სანქციები ამოქმედდა, „ქართული ოცნება“ ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აინტერესებს, რატომ მასპინძლობენ წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებულები.

ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება და სხვა მკაცრი ზომები ბოლო პერიოდის მოვლენებზე ბუნებრივი რეაქციაა ოპოზიციისთვის, რომელიც ახალი არჩევნების მიღწევას სწორედ საერთაშორისო ზეწოლის გაზრდით ცდილობს.