სანქციების პოლიტიკა - შეფასებები

ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სანქციები კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ სანქცირებულთა სია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერაა მომზადებული. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიზანია საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლა, „ბალტიის სამი სახელმწიფოს ხელისუფლებებს აქვთ ინტერესი, რომ ვიყოთ იარაღი რუსეთის წინააღმდეგ“- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ პარტნიორები საბოლოო გადაწყვეტილებას თავად იღებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მათთვის ინფორმაციის მიწოდებაში კი პრობლემას ვერ ხედავენ. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სანქცირებულთა სია რამდენიმე დღის წინ გაზარდეს და ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.