სანქციების მოთხოვნა - ეკონომიკური რისკები

უნდა დაეწესებინა თუ არა საქართველოს ევროპის მსგავსად რუსეთისთვის სანქციები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი წლის თავზე, ეს კითხვაც აქტუალური ხდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, შტატების ყოფილი ელჩის მსგავსად, საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ლატვიის პრეზიდენტიც თხოვდა. შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ გამოუსწორებელ ზიანზე, რაც სანქციების დაწესების შემთხვევაში ქართულ ეკონომიკას მიადგებოდა. იდენტური პოზიცია აქვთ ეკონომისტებსაც, იმის გათვალისწინებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია, სპეციალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ სანქციები რუსეთს ნაკლებად დააზარალებდა, საქართველოს კი მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნიდა. მართალია თბილისს მოსკოვისთვის პირდაპირი სანქციები არ დაუწესებია, თუმცა ამ დრომდე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში. არაერთი ბრალდების მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული ტვირთების გადაზიდვის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.