სამი წლის წინ საქართველოს მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელიც უკრაინის ომს და საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის დასაწესებელ სანქციებს შეეხებოდა, სამი წლის თავზე კვლავ შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა საქართველოს ომი აარიდა. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არავინ სთხოვდა. შეგახსენებთ სამი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საქართველო არ აპირებდა მონაწილეობა მიეღო რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში.