„სამუშაო რევეული N51/2019“ - რუსული ინტერესი სირიაში
„სამუშაო რევეული N51/2019“ - რუსული ინტერესი სირიაში

სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეები რომ მხოლოდ ქვეყნის ბედით შეწუხებული პატრიოტები  აღარ არიან, დილეტანტისთვისაც ცნობილია. შეიარაღებულ დაპირისპირებაში,  რომელიც წლებია გრძელდება, უკვე ძნელი სათქმელია, ვინ ვის ებრძვის და რატომ, თუმცა, როგორც ყოველთვის, აქაც არიან „მსხვილი მოთამაშეები“, რომელთა  ჩართულობის მიზეზიც მხოლოდ სამხედრო უპირატესობის მოპოვება არ არის და ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე კრემლია, რომლის სამხედრო ბაზებიც სირიაში რეჟიმის ძლიერი საყრდენია, თუმცა, რუსეთისთვის, როგორც წესი, მოქალაქეების  უსაფრთხოება უმნიშვნელოა და ძალისხმევას მხოლოდ  საკუთარი ინტერესების გასამყარებლად ან მოგების სანაცვლოდ თუ გაწევს.

რა შეიძლება იყოს ეს ინტერესი – ამაზე პასუხი ბევრია და თითოეულ მათგანი გარკვეულწილად, სწორიც იქნებოდა, თუმცა ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ საერთაშორისო საკითხებში რუსეთის საბჭოს ექსპერტთა მორიგ კვლევაზე  სათაურით „რუსეთის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში: დიდი თამაშის დივიდენდები და ხარჯი“ – ე.წ.  სამუშაო რვეული N51/2019

რუსეთი სტრატეგიის ძიებაში; ახლო აღმოსავლეთი: შესაძლებლობების ფანჯარა; რუსეთის პოლიტიკის ინსტრუმენტები და ახლო აღმოსავლეთის რეალობასთან ადაპტაციის პრობლემები – 26 გვერდიანი ანგარიში  სწორედ ამ ოთხ თემას მოიცავს და ახლო აღმოსავლეთში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარების შესახებ გარკვეული წარმოდგენასაც აყალიბებს;

ანგარიში თავისთავად საინტერესოა, ვინაიდან ასახავს იმ ხედვას, რომლითაც, როგორც ჩანს,  რუსეთის ოფიციალური წრეები ხელმძღვანელობენ, თუმცა ყველაზე საინტერესო მესამე თავია  –  რუსული პოლიტიკის ინსტრუმენტები.

ახლო აღმოსავლეთში ასეთ ინსტრუმენტებად განხილულია სამი:

  • სამხედრო ინსტრუმენტები და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა;
  • ეკონომიკური: ნავთობი, ხორბალი და რეაქტორები;
  • კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური ინსტრუმენტები.

აქედან, პირველი ორი წარმოადგენს იმ საშუალებას, რისი გამოყენებითაც რუსეთს ძირითადი (პოლიტიკური) დივიდენდის მიღების იმედი აქვს.

აღნიშნული ორიდან კი  ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა პირველი: რა დივიდენდებს ხედავს რუსეთი თავისთვის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობიდან?

პირველი, და  სავარაუდოდ, უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ სირიის კონფლიქტში მონაწილეობამ რუსეთს საშუალება მისცა საბრძოლო პირობებში გამოეცადა და ერთგვარად, გამოეჩინა საკუთარი არსენალის და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობები. ეს კი, თავის მხრივ, გარკვეულწილად, ხსნიდა  ახლო აღმოსავლეთის შეიარაღების  ბაზარზე დაბრუნების ფანჯარას. როგორც ვიცით, ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთისთვის დახურული აღმოჩნდა ამ ბაზარზე საბჭოთა კავშირის ჩანაცვლების შესაძლებლობა. სირიაში ომის შედეგად კი ეს ვითარება შეიცვალა. ექსპერტთა შეფასებით, 2013-2017 წლებში რუსეთის შეიარაღების ექსპორტის თითქმის მეხუთედი უკვე ახლო აღმოსავლეთის  ქვეყნებზე მოდის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ერაყისა და სირიის გარდა, სადაც რუსული იარაღის მოთხოვნა მიმდინარე კონფლიქტით იყო განპირობებული, რეგიონის ქვეყნებიდან რუსული შეიარაღების მიმართ ინტერესი გამოამჟღავნეს ასევე გაერთიანებულმა ემირატებმა, ყატარმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და საუდის არაბეთმა.

დღეის მდგომარეობით, რუსული შეიარაღება გააჩნია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ათ ქვეყანას: ალჟირი, სირია, ერაყი, ეგვიპტე, ლიბია, ბაჰრეინი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ყატარი და სუდანი. ამათგან, აღნიშნავს გამოცემა, ალჟირისთვის მოწოდებამ შეადგინა 59 პროცენტი, ხოლო ეგვიპტესა და ერაყისათვის – 22 და 21 პროცენტი შესაბამისად.

საყურადღებოა, რომ ე.წ. „არაბულ გაზაფხულამდე“ მსხვილი მიწოდებები ხორციელდებოდა მხოლოდ ალჟირში და ლიბიაში, ხოლო დანარჩენი ბაზრები რუსეთისთვის, ფაქტიურად  დახურული იყო. უფრო მეტიც, ნატო-ს წევრი თურქეთიც, ალიანსის წევრი ქვეყნების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსულ იარაღზე უარის თქმას არ აპირებს.

ახლო აღმოსავლეთში მიწოდებულ იარაღს შორის ძირითადად იგულისხმება ბომბდამშენების, გამანადგურებლების და საბრძოლო ვერტმფრენების მიწოდება. თუმცა, ბოლო დროს, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებმა გამოამჟღავნეს ინტერესი ჯავშანტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის მიმართაც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ინტერესი, რომელსაც რეგიონის ქვეყნები იჩენენ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, კონკრეტულად, „პანცირის (ჯავშანი)“, C-300-ის და „ბუკის“ მიმართ.

ძნელი სათქმელია, ხანგრძლივ, სტრატეგიულ პერსპექტივაში, რამდენად გამოდგება ყველაფერი ეს რუსეთისთვის რეალური პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად და ამას კვლევის ავტორებიც აცნობიერებენ (ანგარიშის მეოთხე თემა), თუმცა მოარული სიბრძნე, რომ ომიდან, ძირითადად,  სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მდიდრდება, კიდევ ერთხელ დასტურდება.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.