საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ჩინეთშია.
დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრა და რამდენიმე მემორანდუმის ხელმოწერა. სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, რომელსაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველად იმყოფება. მთავრობის მეთაური ჩინეთს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე სტუმრობდა – მაშინ ის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე იყო. დღის წესრიგშია შეხვედრები პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. აქცენტი სავაჭრო ურთიერთობაზე კეთდება – ჩინეთი შუა დერეფნის გავლენიანი მოთამაშეა. ქართული დელეგაცია იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიასაც დაესწრება. გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი აქვს. ჩვენს ქვეყანას 40 კომპანია წარმოადგენს, რომლებიც საკუთარ პროდუქციას გამოფენენ. საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის კონტექსტში გამოფენაში მონაწილეობას ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„მოამბე“ უკვე შანხაიშია, – შალვა სუმბაძე გააშუქებს ვიზიტს.