სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში

პარლამენტი პრემიერობის ახალი კანდიდატის მოსასმენად ემზადება – ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში უკვე გადაგზავნილია. პროგრამა საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდზეა გათვლილი, ოქტომბრის შემდეგ კი მისი კორექტირება იგეგმება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაცია, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა – ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებებია. პრიორიტეტების ჩამონათვალშია დასაქმების ხელშეწყობა, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ეკონომიკის სტიმულირება და ინვესტიციების მოზიდვა.

პრემიერობის კანდიდატი, განახლებული მთავრობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტმა 8 თებერვალს უნდა დაამტკიცოს. განხილვების პროცესში ჩაერთვება ოპოზიცია, იქნება მწვავე შეკითხვებიც, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ახალ სამთავრობო გუნდს მხარს არ დაუჭერენ.