რეალური თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თუ საბაბი მოლაპარაკებების ჩასაშლელად – რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევა საფრთხის ქვეშ დგება. მიზეზი ოფიციალური მოსკოვის ბრალდებებია. კრემლში ირწმუნებიან, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა და საპასუხო ზომებით იმუქრებიან. ანონსდება მიმდინარე მოლაპარაკებებში მოსკოვის ისედაც ხისტი პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრება. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ კიევში, სადაც მოსკოვს 90 %-ით შეთანხმებული სამშვიდობო გეგმის საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინულ სამთავრობო შენობებზე თავდასხმისთვის ემზადებოდეს. სავარაუდო თავდასხმა რუსეთსა და ამერიკის ლიდერების სატელეფონო საუბრის თემაც გახდა. შტატების პრეზიდენტი, რომელმაც ინფორმაცია პირადად პუტინისგან მიიღო, თავდასხმის სავარაუდო მცდელობას არასწორ ნაბიჯად აფასებს.