სამშვიდობო გეგმის მოლოდინში

საერთაშორისო მედიაში ისევ აქტუალური თემაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ამჟამად კიევი ევროპელ პარტნიორებთან მუშაობს. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ უსაფრთხოების მექანიზმის მონახაზი უახლოეს დღეებში იქნება მზად. ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის აქტიურად განიხილება უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის იდეა, რომლის მთავარი მომხრეები გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი არიან. ამ დროისთვის უცნობია, როგორი იქნება ამერიკის როლი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, საჰაერო თავდაცვა გახდეს. ამასთან ერთად, ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო პროცესით და აღიარებს, რომ ვერ მოახერხა ვლადიმერ პუტინის დარწმუნება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ან ტარიფების დაწესებას ტრამპი არ გამორიცხავს, გადაწყვეტილებას ამერიკის პრეზიდენტი ორი კვირის ვადაში მიიღებს.