„სამშობლოს ღალატის“ მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში  

სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა ორი დღეა ურთიერთბრალდებების თემაა. შესაბამისი ჩანაწერი კანონმდებლობიდან აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე ამოიღეს, რაც მმართველ გუნდში ეჭვებს უჩენთ იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩანაწერი გამიზნულად, კონკრეტული ქმედებების განსახორციელებლად გააქრო. მუხლის კანონდებლობაში დაბრუნების გადაწყვეტილება სწორედ მმართველ პარტიას ეკუთვნის, იმ არგუმენტით, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ დანაშაულს თავისი სახელი დაერქვას, დამნაშავე კი დაისაჯოს. განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება, რომელიც ინიციატივას რეპრესიების გაგრძელებად აცხადებს და ამბობს, რომ თუ ვინმე უნდა გასამართლდეს ეს „ქართული ოცნებაა“.