ნიკოლაევში თავდასხმას რამდენიმე ათეული უკრაინელი მებრძოლი შეეწირა. რუსეთის ძალების მიერ სამხედრო ყაზარმის დაბომბვის შემდეგ ნანგრევებიდან სულ მცირე 50 ჯარისკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო„ფრანს პრესი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ყაზარმაში სულ მცირე 200 სამხედრო იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის უკრაინის ხელისუფლებას ნიკოლაევის ყაზარმის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გაუვრცელებია. მანამდე კი, ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან ოფიციალურ მონაცემებს ელოდება.