ეროვნულ გვარდიაში სამხედრო-სარიტუალო სამსახურის დღე აღინიშნა.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-სარიტუალო სამსახურს დაარსებიდან 29 წელი შეუსრულდა. სამხედრო-სარიტუალო სამსახურის პირველი დანაყოფი 1996 წლის 8 აპრილს ჩამოყალიბდა. იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, რომან ჯოხაძემ სამხედრო-სარიტუალო სამსახურის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში სამხედროების უწყებრივი მედლებით დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. სამხედრო-სარიტუალო სამსახური სააღლუმო, სადღესასწაულო, პატივის მიგების, ასევე, უმაღლესი რანგის ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების ცერემონიებში მონაწილეობს.