სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ – საერთაშორისო პოზიციები
ირანის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის კანონიერებას რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად აშშ-ის მოკავშირე და ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანაც ეჭვქვეშ აყენებს. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი და კანადა. ტრამპს საერთაშორისო ჩართულობის წესებს ახსენებენ. ბოლოს ერთი ქვეყნის სამხედროებმა მეორე ქვეყნის მეთაური 1979 წელს მოკლეს. მაშინ საბჭოთა კავშირის სპეცრაზმმა ქაბულში ავღანეთის ლიდერის, ჰაფიზულა ამინის ლიკვიდაცია მოახდინა, რასაც ამ ქვეყნაში საბჭოთა ჯარების შეჭრა მოჰყვა. ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინისა და ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის სიკვდილი კი სამხედრო ოპერაციის ნაწილი არ ყოფილა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რაც ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციას აშშ-ისა და ნატოს ძველი ინტერვენციებისგან განასხვავებს. 2001 წელს ავღანეთში ომს გაერო-ს მხარდაჭერა ჰქონდა, 2003 წელს ერაყში შეჭრამდე კი აშშ და ბრიტანეთი ცდილობდნენ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ნატოს მოკავშირეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა მიეღოთ. თუმცა ახლა თეთრ სახლს ნაკლებად აინტერესებს როგორც გაერო-ს, ისე ევროპული ქვეყნების პოზიციები, რაც ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შორის დაძაბულობის მიზეზად იქცა.