სამი აქცია ერთი გზავნილით

„ქართული ოცნება“ არც მიწვევას არ იღებს და პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ხვალინდელ აქციას არ უერთდება.

არგუმენტად მსგავსი შეკრებისთვის მოუმზადებლობა და პროვოკაციების რისკი სახელდება.

„დავანახოთ ევროპას ჩვენი ერთიანობა“, – ამ გზავნილით სალომე ზურაბიშვილი ხვალ პოლიტიკურ ძალებს, ქვეყნის პარტნიორებსა და მოქალაქეებს რიყეზე შეკრებისკენ მოუწოდებს, მათ შორის 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებსაც, რომლებსაც საზოგადოების გახლეჩასა და სხვა საფრთხეებზე მითითებით შეკრების გაუქმებას და ხვალინდელ აქციაზე მისვლას სთხოვს. თუმცა, ერთიანობის სურვილი, დიდი ალბათობით, მხოლოდ სურვილად დარჩება. მოწოდებას ადრესატების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა. მეტიც, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად დაიგეგმა მესამე აქციაც.