გლოვასა და დარდში გაერთიანებული და ერთ მუშტად შეკრული ხალხი – ერის გაერთიანება, რაც კათოლიკოს-პატრიარქის მრავალწლიანი მოღვაწეობის მთავარი მიზანი იყო, ქვეყნისთვის ამ უმძიმეს პერიოდში შეძლო.
მესამე დღეა, არ წყდება ხალხის ნაკადი სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესია დასვენებული. დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ეკლესიაში შესვლის მომლოდინეთა გრძელი რიგებია. წვიმასა და ქარში მოქალაქეები საათობით დგანან და მდუმარედ ელოდებიან საკუთარ რიგს, რათა ტაძარში შესვლა, სულიერ მამასთან მიახლება და მასთან გამომშვიდობება შეძლონ. პატრიარქის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ხალხი ჩამოდის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან და ქალაქიდან. ის, რასაც სამი დღეა, უწყვეტად ვუყურებთ, ყველაზე ნათელი გამოხატულებაა საქართველოს სულიერი წინამძღოლისადმი უსაზღვრო და უპირობო სიყვარულის, ერთგულებისა და მადლიერების. ბუნებრივია, ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს იმ ემოციას, განცდასა და შეგრძნებას, რაც სამებისკენ სანთლებით, ყვავილებითა და გალობით მიმავალი ადამიანების ყურებისას გვეუფლება. ერი დადუმებულია და დასტირის ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა ეკლესიას და სამწყსოზე ზრუნვას მიუძღვნა.