სალომე ზურაბიშვილის გზავნილები და გამოხმაურება

პრეზიდენტის კიდევ ერთი რეზონანსული გზავნილი.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნიდან ცხრა წლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კოალიციურ მმართველობას აუცილებლად მიიჩნევს. თუმცა, არსებულ პოლიტიკურ რეალობაში მას მმართველობის ამ მოდელზე გადასვლა რთულად ესახება.

ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების და პოლარიზაციის ზრდის გარდა, რუსეთთან ურთიერთობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც ისაუბრა. თუმცა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე დიდი რეზონანსი სწორედ კოალიციურ მმართველობაზე გამოთქმულმა პოზიციამ გამოიწვია.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაუგებარია „ქართული ოცნებისთვის“, – გასხვავებით ოპოზიციის დიდი ნაწილისგან, რომელიც მთავარ ამოცანად თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და სწორედ კოალიციური მთავრობის ფორმირებას აცხადებს.