მძიმე ბრალდებები „ქართული ოცნების“ მიმართ სტრასბურგიდან და მიმართვა ევროპელ პარტნიორებს – სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკისთვის ამჯერად ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოიყენა.
სახელმწიფოს მეთაური ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით წარდგა. სალომე ზურაბიშვილი შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაში ხედავს. პრეზიდენტმა დღეს არსებული ვითარება 1921 წელს შეადარა. მუდმივი პოლიტიკური მხარდაჭერა და გახშირებული ვიზიტები საქართველოში – სალომე ზურაბიშვილმა დასავლეთს უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, „ქართული ოცნება“ კი რუსული მმართველობის დამყარების მცდელობაში და რეპრესიებში დაადანაშაულა. გამოსვლის დიდი ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნებს დაეთმო, რომელიც პრეზიდენტმა გაყალბებულად, არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი კი არალეგიტიმურად გამოაცხადა. ხელისუფლებისთვის სტრასბურგიდან მოსმენილი განცხადებები ვითარების კიდევ უფრო გამწვავების და საპროტესტო მუხტის გაზრდის მცდელობაა.