სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შექმნასთან დაკავშირებით, კვლავ განხილვის თემა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია ოპოზიციაში. პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა მეტი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, ნაწილი კი კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები მარცხისთვისაა განწირული. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შექმნის ინიციატივით 31 მარტის აქციაზე გამოვიდა. ზურაბიშვილის თქმით, პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და იზიარებენ პროტესტის მთავარ მოთხოვნებს – ახალი არჩევნების დანიშვნას და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას.