აქციები, საერთო გეგმა და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია სახელდება მთავარ საკითხებად ოპოზიციურ სპექტრში სამომავლო გეგმებზე ლაპარაკისას.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე და მის მნიშვნელოვან როლზე აკეთებენ აქცენტს. ოპოზიციონერი ლიდერები ერთადერთ ლეგიტიმურ პერსონად ქვეყანაში სწორედ სალომე ზურაბიშვილს ასახელებენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის გეგმები ქვეყნის არევას ემსახურება. როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის აქტიურად მუშაობს, როგორც ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან, ასევე პროტესტის მონაწილეებთან ერთად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არ აღიარებისა და ხელახალი არჩევნების დასანიშნად. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში, მზად იქნება დოკუმენტი, რომელშიც ხელახალი არჩევნების ჩატარების გეგმა უნდა იყოს გაწერილი.