სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის გეგმები

როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და რა როლი ექნება პროცესებში სალომე ზურაბიშვილს? – ოპოზიცია თანამშრომლობის გაგრძელებას აანონსებს და ზურაბიშვილის მნიშვნელოვან როლზე აკეთებს აქცენტს. აქციები, საერთო გეგმა და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია სახელდება მთავარ საკითხებად. ოპოზიციონერი ლიდერები ერთადერთ ლეგიტიმურ პერსონად ქვეყანაში სწორედ სალომე ზურაბიშვილს ასახელებენ. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის გეგმები მხოლოდ ქვეყნის არევას ემსახურება და მიაჩნიათ, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილი იქნება ოპოზიციაში ურთიერთდაპირისპირების მიზეზი. როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, აქტიურად მუშაობს, როგორც ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან, ასევე პროტესტის მონაწილეებთან ერთად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არ აღიარებისა და ხელახალი არჩევნების დასანიშნად. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში, მზად იქნება დოკუმენტი, რომელშიც ხელახალი არჩევნების ჩატარების გეგმა უნდა იყოს გაწერილი.