სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს

პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მწვავე კრიტიკის სამიზნედ კიდევ ერთხელ იქცა.

სალომე ზურაბიშვილს ყოფილი მმართველი პარტია ისევ მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალების გამო აკრიტიკებს. პარტიაში ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია პრეზიდენტის იმ განცხადებამ, რომლის მიხედვით ექს-პრეზიდენტის შეწყალება პოლარიზაციის ზრდას გამოიწვევს.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების გზად სწორედ შეწყალების მექანიზმის გამოყენებას, ან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ხედავენ სააკაშვილის ოჯახის წევრები და თანაგუნდელები. ციხიდან გამოშვების მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების დასკვნა სახელდება, რომლის მიხედვით, ცილოვანი საკვების არ მიღების გამო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მმართველი გუნდიდან ოპონენტებს ახსენებენ, რომ სააკაშვილი საკვებს თავისი სურვილით არ იღებს. თუ ოჯახის და „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა ორშაბათამდე არ დაკმაყოფილდება, ექს-პრეზიდენტის გუნდი ბრძოლის სხვადასხვა ფორმას აანონსებს.