სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს შეხვდა

ცოტა ხნის წინ დასრულდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ორბელიანების სასახლეში ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო.

კანონპროექტის ისევ პარლამენტში დაბრუნებისთვის სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და პროექტს აგენტების კანონი უწოდა. მისივე თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის ობიექტი იყო მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც.

პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერა ამჯერადაც გამოუცხადა და მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

დიპლომატებმა ათონელის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვეს.