საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ხმაურიანი პროცესი, რომელიც სასამართლო დარბაზიდან ასაკრძალთა სიაში შესული პარტიის ლიდერის გაძევებით დასრულდა.
ხუთი პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით მომზადებული სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის ეტაპზეა გადასული. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოპონენტების შეკითხვებს მოსარჩელე მხარე, ანუ „ქართული ოცნება“ პასუხობდა. სხდომის მსვლელობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 2008 წლის ომი, მაშინდელი ხელისუფლების პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე, სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2 ოქტომბერს მიღებული და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილი ცნობილი რეზოლუცია, გახმაურებული საქმეები და დანაშაულები, მათ შორის სერგო თეთრაძის და ყინწვისის საქმის ფიგურანტების ისტორიები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემების, რომელთა გარშემო წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს მძაფრი რეაქციები და პროტესტი მოჰყვა. ხმაურიან პროცესს ხმაურიანი დასასრული ჰქონდა – პლენუმის თავმჯდომარესა და ნიკა გვარამიას შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება პარტია „ახალის“ ლიდერის უკვე მეორე გაძევებით დასრულდა. გვარამიამ რამაზ ნადარაიას „სამარცხვინო“ უწოდა.