საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ბიუროზე ინიცირდება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს. ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო სახალხო განხილვის ფორმატში იმსჯელებენ. ქვეყნის უზენაეს კანონში ცვლილებების დამტკიცებას საპარლამენტო უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე გეგმას.

დღესვე ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის დადგენილების პროექტი დარეგისტრირდება, რომელიც 21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს შეეხება.