საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

შეთანხმებით დასრულებული კონსულტაციები – მომდევნო საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით და ორპროცენტიანი ბარიერით ჩატარდება. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ხვალ პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით გადის. ორივე საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სრული კონსენსუსი არსებობს. თუმცა არის ერთი სადავო საკითხი, – კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დარჩება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში გენერალური პროკურორის არჩევის წესი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, საგამოძიებო უწყების პირველი პირის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობით, ანუ 90 ხმით გულისხმობს. მმართველ გუნდში ჩანაწერი არ მოსწონთ. ოპოზიცია კი იძულებულია, ბარიერის დაწევის სანაცვლოდ, დათმობაზე წავიდეს. ამიტომ, დიდი ალბათობით, გენერალური პროკურორის დამტკიცების წესი უცვლელად დარჩება.