საკონსტიტუციო ცვლილებები და მართლმსაჯულების რეფორმა 

მოლაპარაკების მეორე რაუნდის პარალელურად პარლამენტი საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების განხილვას იწყებს.

უახლოეს დღეებში დაკომპლექტდება საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი კომისია. „ქართული ოცნება“ მზად არის, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი 5-დან 3%-მდე დაწიოს, დატოვებულია სივრცე ბარიერის კიდევ უფრო შესამცირებლად. თუმცა ვადამდელ არჩევნებსა და მელიასა და რურუას საქმეებზე შეთანხმების გარეშე ოპოზიცია პარლამენტში ერთჯერადად შესვლას და საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს. ეს კი ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მისაღები ცვლილება ჩავარდება და ბარიერი კვლავ 5% დარჩება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მართლმსაჯულების რეფორმასაც იწუნებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი პროცედურის ცვლილებების მიმართ შენიშვნებია არასამთავრობო სექტორშიც.