სახელმწიფოს მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტი

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა დაბა გომისმთაში. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს. რის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში 1 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 301 530 ლარის ზიანი მიაყენეს.

შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.