სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების საქმე

თავდაცვის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მორიგი რეზონანსული საქმე, რომელიც კიდევ ერთი სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისებას ეხება.

გამოძიების საგანი ხდება 2021-22 წლებში ჩატარებული სამუშაოები. კერძოდ, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე და ონში სტიქიით დაზიანებულ მონაკვეთებზე შესრულებული სამუშაო. დაკავებულია პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, „ჯიპი ტრანსის“ დირექტორი და თანამშრომელი, მის დამფუძნებელზე კი ძებნა ცხადდება, დააკავეს სამუშაოების საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელიც. თაღლითობა და თაღლითობაში დახმარება – გამოძიება დაკავებულებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის უკანონოდ დაუფლებას ედავება. საგამოძიებო უწყების მიერ მითითებულ წლებში ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს ირაკლი ქარსელაძე იკავებდა, რომელმაც თანამდებობა თვეების წინ დატოვა.

ექნება თუ არა საქმეს გაგრძელება და გაფართოვდება თუ არა ბრალდებულთა წრე – თამუნა წიკლაური მუშაობდა თემაზე.