სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებაც არის საუბარი.
„2024 საქართველოში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი ნეგატიური განვითარების ფაქტები მოიცავდა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ძალაში შესვლას, რომელიც, სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ზღუდავდა გამოხატვისა და ასოციაციის თავისუფლებას“, – აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე ნახსენებია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც, ანგარიშის თანახმად, „გამოხატვის გარკვეულ ფორმებს კრიმინალიზაციას უწევდა“.
ანგარიშის მიხედვით, „დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანიამ შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წელს შეინიშნებოდა „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და ძალადობის მუქარა, ჟურნალისტების დაუსაბუთებელი დაკავებები და სისხლის სამართლებრივი დევნა, ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენა“. „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების ჩამდენი ზოგიერთი ოფიციალური პირის მიმართ გამოძიებისა და დასჯისთვის, დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება“, – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ანგარიშში საუბარია ოკუპირებული რეგიონებში არსებული ვითარებისა და რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებების შესახებაც. დოკუმენტში საუბარია ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებზე.„მედიის თავისუფლების 30-ზე მეტი დარღვევა მოხდა 26 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში, მათ შორის ტექნიკის დაზიანება, სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები და დაშინება“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. ამასთან, აღწერილია 7 დეკემბერს მომხდარი შემთხვევა. „30-ზე მეტი „ტიტუშკა“ გაუსწორდა დემონსტრანტებს, შემდეგ თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომლებიც მათ იღებდნენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „პროევროპული დემონსტრაციების დროს აქციის 450-მდე მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსის საფუძველზე“. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემურ შევიწროებას. ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოსა და დეკემბერში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. „ხელისუფლების წარმომადგენლები ან უცნობი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით თანამშრომელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. მძიმე დაზიანებების შესახებ მოხსენებებში იყო ხერხემლის ძვლების, სახის ძვლების მოტეხილობები და ქიმიური დამწვრობები; რამდენიმე ჟურნალისტს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოხმაურება მოჰყვა თბილისში.