სახელმწიფო აუდიტმა მასალები ანტიკორუფციულ სამსახურს გადაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქუთაისის მუნიციპალიტეტში, სოციალური საცხოვრისის მშენებლობისას აღმოჩენილ დარღვევებში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ხედავს. აუდიტის სამსახურმა შესაბამისი დასკვნა ანტიკორუფციულ სააგენტოს უკვე გადაუგზავნა.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ დანაშაული სამი ძირითადი მიმართულებით იკვეთება – მშენებლობაზე გამოცხადებული კონკურსის პირობების კონკრეტულ ადამიანზე მორგება, სამუშაოების უხარისხოდ შესრულება და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ საცხოვრისის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსიც და ტენდერიც დარღვევით წარიმართა.