სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

სახალხო დამცველობისთვის პოლიტიკოსიც იბრძოლებს.

პარტია „მოქალაქეებმა“ ლევან იოსელიანის კანდიდატურა დღეს ოფიციალურად წარადგინა. ახლა საინტერესოა, ომბუდსმენის არჩევის მეორე მცდელობის დროს რამდენად შეძლებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარშემო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას და 90 ხმის მობილიზებას, რაც წინა რაუნდის დროს იაგო ხვიჩიას შემთხვევაში ვერ მოხერხდა. მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციას უმრავლესობაში დაგეგმილი კონსულტაციების შემდეგ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარმოადგენს, თუმცა მანამდე გაკეთებული კომენტარებით იოსელიანის კანდიდატურის მიმართ სიმპათიას არ უარყოფს. „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს მხარდაჭერა გამოუცხადეს ცალკეულმა ოპოზიციონერმა კოლეგებმაც. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“.

ერთადერთი, ვინც დღეს იოსელიანს მხარდაჭერაზე უარი უთხრა, გიორგი ვაშაძეა.