საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების დაბინავების საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებული უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს – 6 მაისიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც ამ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება.
თბილისის მერიაში სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ უკრაინის ყველა მოქალაქე, ვინც თბილისის მერიის დაფინანსებით იმყოფება სასტუმროებში, ამ ეტაპზე ადგილზე რჩება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და თანამდებობის პირებს – მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რეგიონის მაღალი კლასის სასტუმროებიდან ტურისტული სეზონის მოახლოების გამო, მოხდება უკრაინის მოქალაქეების გადაყვანა სხვა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებში.