საკადრო ცვლილებების შემდეგ ახალი ხელმძღვანელები უწყებებს იბარებენ.
სუს-ი, იუსტიციის სამინისტრო, აჭარის მთავრობა – მთავრობის ახალი სახეები მუშაობას შეუდგნენ. თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ თანამდებობაზე წარდგენილ სულხან თამაზაშვილს აჭარის უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით მხარი დაუჭირა. თამაზაშვილის წარდგენას ესწრებოდა თავად რიჟვაძეც, რომელსაც პოსტიდან წასვლის მიზეზებზე დამატებითი კომენტარი მედიასთან არც დღეს გაუკეთებია. რა ნიშნით შეირჩა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად თამაზაშვილი, რომელიც მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა – პრემიერი მთავარ კრიტერიუმად მენეჯერული საქმიანობის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს ასახელებს. ახალ პოსტზე პირველი სამუშაო დღე ჰქონდა საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში წასულ პაატა სალიასაც, რომელმაც იუსტიციის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. ახლა მთავარი კითხვაა, გაგრძელდება თუ არა საკადრო ცვლილებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ასევე გადაადგილებებია.
პროცესს არაერთგვაროვანი რეაქციებით ხვდება პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციას ცვლილებების გარშემო საკუთარი ვერსიები აქვს.