საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში

საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება“ შეცვლილი გუნდით ჩაატარებს.

უკვე მეორედ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა. 2015 წლისგან გასხვავებით, ამჯერად მას მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას აბარებენ. „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი პრემიერ-მინისტრი იქნება. საკადრო ცვლილებები დროში ემთხვევა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას. ამ გადაწყვეტილებიდან ერთ თვეში „ქართული ოცნება“ ახალი ყრილობისთვის ემზადება. სწორედ პირველ თებერვალს დაგეგმილ ყრილობაზე მოხდება მმართველი გუნდის პრემიერობის ახალი კანდიდატის წარდგენა.

ახლა მთავარი კითხვაა, რა გახდა არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე მთავრობის მეთაურის შეცვლის მიზეზი და მოჰყვება თუ არა გადაადგილებებს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტსა და პარტიაში. ოპოზიციას საკუთარი ვერსიები აქვს. პრემიერობის ახალ კანდიდატს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო ხედვა პარლამენტს ნდობის მისაღებად წარუდგინოს.