კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საიუბილეო კრებული „კრიტიკა ცისკარში“ გამოიცა

24 იანვარს მწერალთა სახლში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ჟურნალ „ცისკრის“ 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის, „კრიტიკა ცისკარში“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებული საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მასში თავმოყრილია ჟურნალ „ცისკარში“ 1957-1980 წლებში გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი კრიტიკულ-ესეისტური წერილები.

გამოცემა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია, რომელიც ხელს შეუწყობს ლიტერატურის ისეთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას, როგორიც არის ლიტერატურული კრიტიკა. საიუბილეო კრებულის გარდა, საქართველოს კულტურის სამინისტრო ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და პერიოდული ლიტერატურული გამოცემების ხელშეწყობის მიზნით, ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემასაც აფინანსებს.

კრებულის პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

„ამ კრებულმა დიდი მოწონება იმით დაიმსახურა, რომ ის დაეთმო „ცისკარში“ წარსულში, საბჭოთა პერიოდში გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილებს, და არა მხოლოდ კრიტიკულ წერილებს, სხვადასხვა კრიტიკოსებს შორის პოლემიკასაც. ამას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს და დღეს ვნახეთ, რომ ყველა იყო ამ პროექტის უკიდურესად მოხარული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ, ახალ კრებულადაც გამოვცეთ „ცისკარში“ 1980 წლის მიღმა გამოქვეყნებული კრიტიკული წერილებიც“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„მოგეხსენებათ, კრიტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურის განვითარებისთვის, საზოგადოდ, ლიტერატურის არსებობისთვის. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, კრიტიკა დაფასებაც არის, განჩხრეკაცო. კრიტიკული აზრის გარეშე ლიტერატურის განვითარება წარმოუდგენელია“, – აღნიშნა „ცისკრის“ რედაქტორმა, ამირან გომართელმა.