საიდუმლო სადაზვერვო მასალების სკანდალი

ამერიკის სადაზვერვო დოკუმენტების გაჟონვა და გასაიდუმლოებული მასალების შინაარსი საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია.

დაზვერვის ჩანაწერები სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით, სკანდალურ ინფორმაციას მოიცავს. პენტაგონისთვის განკუთვნილ დოკუმენტებში საუბარია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებების განვითარების სხვადასხვა სცენარზეც, მხარეებს შორის მოლაპარაკების პერსპექტივაზე, ასევე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გზებზე. ამ მხრივ სიახლეა სერბეთთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ის ომში მყოფი ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდებაზე თანახმა იყო, თუმცა სადაზვერვო ჩანაწერებში მითითებული ეს პოზიცია არ ემთხვევა სერბეთის ოფიციალურ პოზიციას. გაჟონვის კვალის და წყაროს დასადგენად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო.