საია-ს განცხადება
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე საია განცხადებას ავრცელებს. მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ამაღლობელმა საია-ს თავმჯდომარესთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას.
 
საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, საია მიმართავს საქართველოს პროკურატურას – შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.