საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა 2020 წლის 6 იანვრიდან 23 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საქართველო მოუმზადებლად შეხვდა არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, რამაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ადამიანის უფლებებში ინტენსიური და არასასურველი ფორმით ჩარევა გარდაუვალი გახადა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, მთავრობამ პანდემიის სამართავად არ გამოიყენა უკვე არსებული, სპეციალურად კრიზისების მენეჯმენტისთვის გათვალისწინებული ორგანოები და შექმნა ახლებური, დროებითი სისტემა, ასევე საგანგებო მდგომარეობისას კაბინეტის საქმიანობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და გადაწყვეტილებები ძირითადად ეპიდემიოლოგების მოსაზრებებს ეყრდნობოდა.
კვლევაში დახურულ კარს მიღმა საქმიანობა და საზოგადოებისთვის მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებების წარდგენა კვლევის ავტორების მიერ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დამაზიანებელ ფაქტორადაა შეფასებული.