ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგი, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო. აღნიშნულს განცხადებით ეხმარება საგარეო უწყება, სადაც ასევე წერია:
„იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ევროკავშირის მხარემ ყველა დონეზე შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა.
ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირის მხარისთვის სათანადო ინფორმაცია მიეწოდებინა. ევროკავშირის მხარემ შეხვედრა გადადო სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით. საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის.
ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას. წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.