საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

„პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის პროცენტულობა წლიდან წლამდე კლებულობს, მოგიწოდებთ, ყურადღებით გაეცნოთ მონაცემებს“ – ამის შესახებ საგარეო უწყებაში აცხადებენ, სადაც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაუფრთხილდნენ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მონაპოვარს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, რისი შედეგიცაა ევროპულ ქვეყნებში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადების მზარდი ტენდენცია. საგარეო უწყების სპიკერი მონპელიეში მყოფი ქართველების მდგომარეობასაც ეხმაურება და განმარტავს, რომ მათ საქართველოს წარმომადგენლობა უკვე შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა შესაძლო რისკის შესახებ.

უწყების მონაცემებით, უშუალოდ საფრანგეთის ხელისუფლებას, გასულ წელს, თავშესაფრის მოთხოვნით, საქართველოს ხუთი ათასმა მოქალაქემ მიმართა, აქედან კი დადებითად მხოლოდ 290 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, გასული წლის მონაცემებით, თავშესაფრის მოთხოვნა პირველად 20140 მოქალაქემ შეავსო, აქედან საბოლოო გადაწყვეტილება 14395 განაცხადზე მიიღეს, რომელთაგან მხოლოდ 695 დაკმაყოფილდა.