საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან, ელენი კუნალაკისთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, ყურადღება დაეთმო „შუა დერეფანს“ და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლს. ასევე, აღინიშნა სან-ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციების ჰაბის გახსნის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური და ინოვაციური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯებზე და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა. ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა სან-ფრანცისკოს მერს, დენიელ ლურის. განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხები და კალიფორნიის შტატთან საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების საკითხზე. მინისტრმა სან-ფრანცისკოს მერი საქართველოში მოიწვია.