საგანგებო ბრიფინგი სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. შტაბის წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება, ცრუ ინფორმაციების მეშვეობით, ცდილობს, მოქალაქეები განაწყოს ოპოზიციის წინააღმდეგ.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი ცრუ ინფორმაცია იყო, რომ შტაბი დატოვეს კოორდინატორებმა ვითომდა ხელფასების გაუცემლობის გამო. ბრიფინგზე ასევე განცხადება გააკეთა მოქალაქე ედემ თოდუამ, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პარტია დატოვა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ არანაირი მოსყიდვა, არანაირი ზეწოლა ამ ადამიანებზე არ ყოფილა. ჩიქოვანის თქმით,  ოპოზიციურ პარტიასა და პირადად ედემ თოდუას შეუძლია, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ მედიით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 30-მდე კოორდინატორმა ხელფასების გადაუხდელობის გამო დატოვა.