საგამოძიებო მოქმედებები ოპოზიციური პარტიების ოფისებში

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე აფეთქების მომზადების მუხლებით, გამოძიების ფარგლებში სულ 10-მდე პირია დაკავებული. საგამოძიებო მოქმედებები გუშინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებში ჩატარდა, ასევე სამართალდამცველები შევიდნენ აქტივისტების საკუთარ სახლებში. დაკავებულია „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ხუთი და „ლელოს“ ორი წევრი. ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორებში არიან გადაყვანილი. ოფისებიდან ამოღებულია პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, ელექტრო მოწყობილობები და სხვა ინვენტარი. თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარღვევებით ჩატარებულ საგამოძიებო პროცესზე საუბრობენ. უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ ჩხრეკის ოქმში ისეთ ნივთებიც ჩაწერეს, რაც ოფისებში არ ყოფილა. წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება გუშინ დაპირისპირების შემდეგ ძალის გამოყენებით დაკავებული ნიკა გვარამია, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.