საგამოძიებო კომისიის სხდომა

2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები – ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მოუსმინეს ჯონდი ბაღათურიას და ჯუმბერ ბუზალაძეს. ბაღათურიამ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრა.

მისი მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით დასტურდება, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამდიდრდა და პოლიტიკიდან მილიონერის სტატუსით წავიდა. ბაღათურიას განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა ქონების დიდი ნაწილი აგვისტოს ომის წინა პერიოდში დაირეგისტრირა. მისი თქმით, კორუფციულ გარიგებებში სააკაშვილთან ერთად ჩართულები იყვნენ სანდრა რულოვსი, დედა-გიული ალასანია და სააკაშვილის სიდედრი. ბაღათურიას განცხადებით, სააკაშვილის კორუფციული გარიგებების გადაფარვაში ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის საჯარო რეესტრი და მედიაც მონაწილეობდა. ჯონდი ბაღათურიამ სხდომაზე აქცენტი განათლების სფეროში გიული ალასანიას ბიზნესებზეც გააკეთა.

ჯონდი ბაღათურიას შემდეგ საგამოძიებო კომისიის წევრებმა ჯუმბერ ბუზალაძეს მოუსმინეს, რომელსაც 2005 წელს მანქანების ბიზნესი ჰქონდა. დაზარალებულის თქმით, მაშინდელმა სოდ-ის ხელმძღვანელმა ერეკლე კოდუამ და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მანქანები ცოლებისთვის ჩამოართვეს, რის გამოც ჯემალ ბუზალაძე ერთი წლით ციხეშიც მოხვდა და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.