21 წლის წინ სვანეთში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია – ორი მოკლული, ორი დაკავებული და გადამწვარი სახლი: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ამჯერად აფრასიძეების ოჯახის მძიმე ისტორიით ინტერესდება.
დღეს პარლამენტში მივიდნენ სოფელ ეცერში ჩატარებული ოპერაციის დროს დაკავებული შმაგი აფრასიძის შვილები, რომლებიც 2004 წელს ტყვიებს და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ. აფრასიძეების ოჯახის წევრებმა გაიხსენეს, როგორ მოაქციეს ალყაში და დაბომბეს სახლი, სადაც ოთხი მცირეწლოვანი იყო. საცხოვრებლად სვანეთიდან წალკაში გადასული ოჯახი ოპერაციის ხელმძღვანელის და ბრძანების გამცემი ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს.
არანაკლებ მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა 2004 წელს დიდუბეში მოკლული ბუტა რობაქიძის მამის გამოკითხვა. საგამოძიებო კომისიამ ია მეტრეველის შემდეგ, სოსო რობაქიძეს მოუსმინა. მოკლულის მამამ უმძიმესი საქმე დეტალურად გაიხსენა და იმ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა საქმის გაყალბების და დანაშაულის ადგილის ინსცენირების გადაწყვეტილება მიიღეს. მთავარ დამნაშავედ სოსო რობაქიძე მიხეილ სააკაშვილს ასახელებს და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პალატიდან საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს. პარალელურად დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა, კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი ხდება.
კომისიამ გიორგი ვაშაძის და ნიკა მელიას საქმეებიც პროკურატურას გადასცა.