საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ისევ ვერ შედგა

მეორე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა – მოსამართლეების სანქციებზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღესაც ჩავარდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიკა არ შეცვალა და მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის არგუმენტით კენჭისყრამდე რეგისტრაცია ისევ არ გაიარა. შესაბამისად, ოპოზიციის მობილიზების მიუხედავად, ქვორუმი არ შედგა. ოპონენტებისთვის მმართველი გუნდის საქციელი სასამართლოში მოსამართლეთა ე.წ. კლანის არსებობის დასტურია. საპარლამენტო უმრავლესობა კი კომისიის შექმნის ინიციატივის მიღმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სასამართლოს გაკონტროლების და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ხელოვნურად დაბლოკვის მცდელობას ხედავს. მიუხედავად უარისა, ოპოზიცია ინიციატივას დღის წესრიგიდან მაინც არ ხსნის.

პარლამენტში გუშინ და დღეს ჩავარდნილი კენჭისყრის გამო მძიმეა ამერიკის ელჩის რეაქციაც. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ კორუფციული საქმიანობის ბრალდებით ქართველი მოსამართლეების დასანქცირებამდე ვაშინგტონმა დეტალური მოკვლევა ჩაატარა.