ე.წ. ქოლცენტრების თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დეპუტატებმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უნდა განიხილონ. „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს. გახარიას გუნდის აზრით, მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და დადგინდეს, ვინ დგას ე.წ. ქოლცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან.
ოპოზიცია ე.წ ქოლცენტრების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ამ დანაშაულებრივი სქემის უკან „ქართული ოცნება“ დგას. მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად, კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.