საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

სანქცირებული მოსამართლეების კორუფციულ გარიგებებში ეჭვი არ ეპარება ოპოზიციას.

46 ოპოზიციონერი დეპუტატი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტთა მოთხოვნაა, რომ კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შემთხვევები გამოიძიოს. კომისიის საკითხის კენჭისყრაზე გასატანად ოპოზიციამ დღეს დილით პრეზიდენტს ხვალისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართა, თუმცა რამდენიმე საათში ხელახალი მიმართვის გავრცელება დასჭირდათ. აღმოჩნდა, რომ კომისიისთვის საჭირო 50 ხმას ორი ოპოზიციონერი დეპუტატის, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრის ხმა აკლდება. უკვე რამდენიმე დღეა ინიციატივის ავტორები კოლეგა ოპოზიციონერებს მობილიზებისკენ და ინიციატივის მხარდაჭერისკენ აქტიურად მოუწოდებენ.

ოპონენტთა გეგმას სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევად მიიჩნევს მმართველი გუნდი.