საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა და ოპოზიციის სტრატეგია

კონსულტაციები ოპოზიციაში. ახლა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, შეიქმნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია.

30 მანდატით წარმოდგენილ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს დარეგისტრირებული ინიციატივის მხარდასაჭერად კიდევ 20 ხმა სჭირდება. სამი პარტიისგან უარია, დანარჩენი ოპოზიცია კი საკუთარ პირობებს აყენებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო უწყებებისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალადობრივი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რისთვისაც საპარლამენტო კომისიის შექმნაა საჭირო. საკითხი, რომელსაც სააკაშვილის გუნდი ხანგრძლივი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის მთავარ მიზეზად აცხადებს, მმართველი გუნდისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების მხოლოდ საბაბია. „ქართული ოცნება“ ოპონენტებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს.