შიდა პოლიტიკური მღელვარება კიდევ უფრო გაამძაფრა მმართველი გუნდის ახალმა გეგმამ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დასრულების და დასკვნის მომზადების შემდეგ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ასაკრძალად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ხელისუფლებისთვის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენების მოკვლევის დროს გაკეთებული განცხადებები და სხვადახვა საქმეზე დაზარალებული მოქალაქეების ისტორიების მოსმენა საკმარისია იმისათვის, რომ ყოფილი მმართველი პარტია დანაშაულებრივ ძალად გამოაცხადოს. თუმცა კომისია მხოლოდ 2012 წლამდე პერიოდით არ შემოიფარგლება. მმართველი გუნდი ოპონენტ პარტიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ადანაშაულებს. ამიტომ საგამოძიებო კომისიის მანდატი გააფართოეს. საკმაოდ მწვავეა ოპონენტების რეაქცია. ხელისუფლების გეგმა პოლიტიკურ რეპრესიებად ფასდება.